აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური დიალოგი: რა აჩვენა მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომამ?
Фото; google
ნასიბა მირზაევა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრის (AIR Center) წამყვანი მრჩეველი.
ოქტომბრის ბოლოს სიღნაღში გამართულმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომამ ორ ქვეყანას შორის არსებული პრაგმატული პარტნიორობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრების, ალი ასადოვისა და ირაკლი კობახიძის თანათავმჯდომარეობით ჩატარებული ეს სამიტი არა მხოლოდ ორმხრივ ეკონომიკურ პლატფორმას, არამედ რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული სფეროების მომავალი პრიორიტეტების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა.
ორმხრივი ეკონომიკური დინამიკა
ცნობილია, რომ აზერბაიჯანს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 14.1%-ით გაიზარდა და სულ 1 მილიარდ 109 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. დღეს საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 5.4%-ს შეადგენს, რის შედეგადაც იგი პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილს იკავებს. ექსპორტის მოცულობა 6.9%-ით გაიზარდა და 566 მილიონ 665 ათას დოლარს მიაღწია, რითაც აზერბაიჯანი საქართველოს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის ყირგიზეთისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.
აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 4 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება. შესაბამისად, 2025 წელს განხორციელებული 214 მილიონი დოლარის ინვესტიციით, აზერბაიჯანი გაერთიანებული სამეფოს შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გახდა.
(წყარო: საქსტატი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2025)
დადებითი დინამიკა შეინიშნება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებითაც. სახმელეთო საზღვრების დაკეტვის მიუხედავად, მაისის თვიდან ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენისა და საჰაერო მიმოსვლის წყალობით, მიმდინარე წლის 9 თვეში აზერბაიჯანი 13.1%-იანი ზრდით საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობით მე-5 ადგილზეა. ამავე სტატისტიკურ პერიოდში აზერბაიჯანიდან სულ 28.7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.
სხდომაზე განხილული სტრატეგიული მიმართულებები
სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები სხდომის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში და აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ამაღლების კუთხით. დღეს ცნობილია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კვანძის ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ასევე აღნიშნვის ღირსია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები სრულყოფს აღნიშნულ ინფრასტრუქტურას. ამ სხდომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს წარმოადგენდა ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ (Silk Road) პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
ტრადიციულ პროექტებთან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის, ბაქო-სუფსის მილსადენებსა და სამხრეთის გაზის დერეფანთან ერთად, დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტიც იყო.
სხდომის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, სადაც წლების განმავლობაში სტაგნაცია შეინიშნებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეუთანხმებელ საკითხებზე მუშაობა მეგობრულ ფორმატში და დაჩქარებული ტემპით გაგრძელდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვრის დელიმიტაციის 15 შეუთანხმებელი მონაკვეთის განხილვის საკითხი სხდომის ყურადღებასაღები დიპლომატიური შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
სხდომის შედეგები და დასკვნა
სხდომის შედეგების შეფასებისას რამდენიმე დადებითი ტენდენცია გამოიკვეთება. პირველ რიგში, აზერბაიჯანის, როგორც საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებლის როლი, უზრუნველყოფს საქართველოს შიდა ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობას. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით გაზრდილი ტვირთბრუნვა თავის მხრივ საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო და ლოგისტიკურ შემოსავლებს მოუტანს.
რაც შეეხება სავაჭრო ბალანსისა და ზოგადად ექსპორტის დივერსიფიკაციას, ორმხრივ ვაჭრობაში არსებული დადებითი სალდო პოზიტიურად მოქმედებს საგარეო სავაჭრო ბალანსზე. ავტომობილების რეექსპორტთან ერთად, კვების პროდუქტების, სამშენებლო მასალებისა და ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტის ზრდაც უწყობს ხელს ამ სფეროს დივერსიფიკაციას.
საზღვრის საკითხებში კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში გადადგმული ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს ადასტურებს.
მთლიანობაში, 11-ე მთავრობათაშორისი კომისიის შედეგად მიღწეულმა შეთანხმებებმა აჩვენა, რომ ბაქოსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლება და იგი გლობალურ ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ჯაჭვში შეუცვლელ რეგიონულ ღერძად ყალიბდება.
აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური დიალოგი: რა აჩვენა მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომამ? » kvira.ge
