დავით ხოსიტაშვილის წიგნის “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ პრეზენტაცია
- 3-11-2025, 10:57
- КУЛЬТУРА
- 0
- 231
მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა დავით ხოსიტაშვილმა წიგნი “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც 1 ნოემბერს გაბრიაძის თეატრში გაიმართა. წიგნი ერთგვარი კვლევაა, რომელიც დეტალურად შეისწავლის კლასიკური მუსიკის სტუდიური და საკონცერტო ჩაწერის მრავალმხრივ ასპექტს.
ტექსტი ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ მხარეებს მიმოიხილავს, რათა მუსიკოსები, ხმის რეჟისორები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები დეტალებში კიდევ უფრო გათვითცნობიერდნენ. ნაშრომში განხილულია, თუ როგორ შეიძლება მუსიკოსის ემოციური სტაბილურობა და ინტერპრეტაცია გამოვლინდეს სტუდიაში და როგორ უწყობს ხელს ამ პროცესს ტექნოლოგია.

წიგნი სიღრმისეულად განიხილავს, მუსიკოსების ფსიქოლოგიური მზაობის მნიშვნელობას ემოციური სტაბილურობისთვის და კონცენტრაციისთვის.
ავტორი აღწერს მუსიკის ჩაწერის მეთოდებს, მოსმენის უნარებს, პროფესიულ ურთიერთობებს, ტექნიკური უსაფრთხოების წესებს და ასევე გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მაღალი ხარისხის სტუდიურ ჩანაწერს უზრუნველყოფს.

წიგნი “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ ქართულ-ინგლისურ ენაზე გამოიცა და ის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისთვისაც საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემაზე არცთუ ისე ბევრი სიღრმისეული კვლევა არსებობს.
„ასეთი თეორიული კუთხით კლასიკური მუსიკის ჩაწერის პროცესზე მასალა ძალიან ცოტაა. არის უფრო პრაქტიკული რჩევები, მაგრამ აქ უფრო მეტი ფილოსოფიაა – რატომ კეთდება, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში კლასიკური მუსიკის ჩაწერას, რა განსხვავებაა სასცენო და სტუდიურ ჩანაწერებს შორის, როგორ უნდა შეინარჩუნო ის ემოცია სტუდიაში, რაც პუბლიკასთან ცოცხალ შესრულებას ახლავს, რადგან სტუდიაშიც ცოცხლად უნდა ჟღერდეს ჩანაწერი და არ უნდა იყოს მკვდარი – აი, ყველა ეს მეთოდი და მიდგომა არის თავმოყრილი და გაერთიანებული ამ წიგნში.“
დავით ხოსიტაშვილის „კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები“ ტექნიკურ სახელმძღვანელოსთან ერთად სიღრმისეული კვლევაცაა იმაზე, თუ როგორ ერწყმის ადამიანის ემოცია და ტექნოლოგიები ბგერას, რომ ჩაწერის პროცესი არ არის მხოლოდ მექანიკური აქტივობა, ეს არის სულიერი და ინტელექტუალური მზაობა, სადაც ხმა აზრის მატარებელია.















